06 ივნისი 2025

ელექტრონეირემიოგრაფია- ნერვ-კუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის

Image alt text

რა სიმპტომების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ ელექტრონეირომიოგრაფიას?  

 

ელექტრონეიროგრაფიული გამოკვლევა გამოიყენება პერიფერიული, ნერვ-კუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით, რომელთა სიმპტომები მრავალფეროვანია, პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს: 

  • მგრძნობელობის მოშლა: დაბუჟება, წვა, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, გავრცელებით უპირატესად კიდურებში, ტერფის, ხელის და ფეხის თითებში;
  • პათოლოგიური დაღლა, მხედველობის გაორება, ყლაპვის და მეტყველების გაძნელება;
  • მოძრაობის შეზღუდვა კუნთოვანი სისუსტის ან/და კუნთთა ტკივილის, განლევის გამო, განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობის (კიბეზე ასვლა, სკამიდან წამოდგომა) დროს;

 

რომელი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის არის კვლევა მნიშვნელოვანი?  

ელექტრონეირომიოგრაფიული გამოკვლევა გულისხმობს პერიფერიული ნერვული კაბელების გამტარი ფუნქციის შეფასებას ელექტრული იმპულსის მეშვეობით, მისი სტიმულაციით. გამოკვლევის სამიზნეა:

  • ნეიროპათიები: მხრის, წელის წნულების სხვადასხვა გენეზის დაზიანებები (პლექსიტი, რადიკულოპათია, ტრავმა), პოლინეიროპათია (მემკვიდრული და შეძენილი), პირველადი და მეორადი მონონეიროპათიები (მათ შორის დიაბეტური, გვირაბული და ტრავმული), და ა.შ.
  • მემკვიდრული და შეძენილი კუნთოვანი პათოლოგიები (პოლიმიოზიტი, მიოდისტროფია, მემკვიდრული მიოპათიის სხვადასხვა ფორმა);
  • ნერვ-კუნთოვანი გადაცემის მოშლა (მიასთენია და მიასთენიური სინდრომები)
  • მოტორული ნეირონის დაავადება (გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, სპინალურ-კუნთოვანი ატროფია და ა.შ).

 

 

რამდენად უსაფრთხო და სწრაფი პროცედურაა?

ნერიომიოგრაფიული კვლევა ელექტროფიზიოლოგიური კვლევის ფართოდ გავრცელებული უსაფრთხო და უვნებელი მეთოდია. სრულდება კომპიუტერთან დაკავშირებული პორტატული აპარატის გამოყენებით. ის გამოიყენება პერიფერიული ნეირომოტორული აპარატის დაზიანების შესაფასებლად. დაზიანების გამომწვევი მიზეზის და ლოკალიზაციის მიხედვით სიმპტომებიც და დიაგნოსტიკის მოცულობა, თანმიმდევრობა თუ ხანგრძლივობაც განსხვავდება. უშუალოდ გამოკვლევა გრძელდება 20-40 წუთი.

 

 

ხომ არ იწვევს კვლევა რაიმე სახის დისკომფორტს და რამდენად ხშირად შეიძლება მისი ჩატარება?

ელექტრონეიროგრაფიას დროს პაციენტის კანზე თავსდება ერთჯერადი წებვადი ზედაპირული ელექტროდები და კიდურის თითოეული ნერვისთვის ხდება დაბალი ამპერაჟის (100 მა) ელექტრული იმპულსის მეშვეობით რამოდენიმე წერტილის ხანმოკლე (0,2 მწმ) სტიმუალცია. შემდეგ სანტიმეტრის მეშვეობით იზომება ნერვის სიგრძე საკვლევ მონაკვეთზე, რათა მოხდეს ნერვულ კაბელში იმპულსის გატარების სიჩქარის გამოთვლა. აღნიშნული მეთოდი მიუხედავად მცირედი უსიამოვნო შეგრძნების, კარგი ამტანობით ხასიათდება. ელექტრომიოგრაფია - სრულდება მცირე დიამეტრის (26G) ერთჯერადი ნემსისებური ელექტროდის მეშვეობით, რომელიც თავსდება გამოსაკვლევ კუნთში და იკვლევს კუნთის ელექტრულ აქტივობას.

ნეიროგრაფიული გამოკვლევა უხშირეს შემთხვევაში სრულდება ერთჯერადად დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია პაციენტს დასჭირდეს მონიტორირება დინამიკაში შეფასების მიზნით მინიმუმ 3 თვის შემდეგომ.

 

გამოკვლევის ჩასატარებლად აუცილებელია ექიმის დანიშნულება?

ნეიროგრაფიულ გამოკვლევაზე პაციენტის გადამისამართება ხდება როგორც ნევროლოგის, ისე ოჯახის ექიმის, ტრავმატოლოგის, ოფთალმოლოგის, რეაბილიტოლოგის, ონკოლოგის, რევმატოლოგის და სხვა სპეციალისტების მიერ.

გამოკვლევამდე პაციენტი უნდა შეფასდეს ნევროლოგიურად, რათა განისაზღვროს სიმპტომების განაწილება, ხანგრძლივობა და  შედგეს გამოკვლევის ინდივიდუალური გეგმა და განისაზღვროს მისი მოცულობა.

 

საჭიროებს თუ არა გამოკვლევა წინასწარ მომზადებას?

განსაკუთრებული მომზადება საჭირო არაა, თუმცა გამოკვლევამდე პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს რომ ეცვას თავისუფალი ტანსაცმელი რათა ადვილად მოხდეს  კიდურების გათავისუფლება, კანი იყოს სუფთა, გარქოვანებული კანისგან გათავისუფლებული, არ მოხდეს რაიმე სახის დამატენიანებელი კრემის შეზელვა კიდურებზე, ასევე კანი უნდა იყოს თბილი. სახის ნერვის შეფასების შემთვევაში მამაკაცები უნდა იყვნენ გაპარსულ მდგომარეობაში.